www.airgun.ge - ყველაზე მაღალი წნევა ქართულ ნეტში :]

კეთილი იყოს თქვენი ფეხი AirGun.ge პორტალზე!

ჩვენ საიტზე, შეძლებთ მიიღოთ ყველაზე ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია პნევმატურ იარაღზე. თანამედროვე პნევმატური იარაღის ყველაზე საინტერესო რეპორტები. ვიდეო მასალა, რჩევები. გთავაზობთ დაამატოთ AirGun.ge ფავორიტებში.
სასტარტო ფავორიტებში მთავარი კონტაქტი საიტის რუქა
ამბები

ამბები->ახალი ამბები-> Crosman Phantom 1000, რეპორტი და დეკონსერვაციის ინსტრუქცია
Crosman Phantom 1000, რეპორტი და დეკონსერვაციის ინსტრუქცია

ესე იგი ჩემი ფანტომის ვრცელ აღწერას დავწერ ჩემი გამოუცდელი თვალით, რამე თუ შემეშლება მომიტევეთ და შემისწორეთ
საუბარი წავა წყვილზე crosman phantom 1000 .177 cal + Leapers/UTG 3-9x50AO, RG intensified Mil-Dot reticle.

თავიდან რამოდენიმე სიტყვა ჩამოტანაზე. ვიყიდე ამაზონზე უოპტიკო ფანტომი, ლიპერს/უტჯ ოპტიკა, რინგები და კროსმან პრემიუმ მზიმე ტყვიების კოლოფი. ყველაფერი ჩამოვიტანე ბარამით, ბევრი ვიგინე იმაზე რომ ერთად ჩამოიტანეს და არა ცალ-ცალკე, ბევრი ვიგინე საბაჟოზე სანამ გამომატანეს ამანათები მაგრამ ასე თუ ისე ჩამოვიდა, 170 ლარით მეტი დამიჯდა ვიდრე უნდა ყოფილიყო.
ჯამში გადავიხადე: 189.76 ლარი იარაღში + 186.36 ლარი ოპტიკაში, ტყვიებში და რინგებში (69.95$, 25.63$, 10.49$ შესაბამისად). აქ შედის ამერიკაში ტრანსპორტირება.
ამას ემატება ბარამის მომსახურეობა 45+13.5+9+5=72.5$ ანუ 126.90 ლარი და ჯამში გამოდის 503 ლარი.
უკვე ძვირი ჩანს ასეთი იარაღისთვის მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ხარისხიანი ტყვიები მოყვა 1250 ცალი და სტანდარტულზე გაცილებით უკეთესი ოპტიკა.
წესით საბაჟო რომ არა ამით მთავრდება ყველაფერი, მაგრამ იმის გამო რომ ერთად ჩამოვიდა ოთხივე ამანათი და 300 ლარს აცდა ჯამური ღირებულება მომიწია განბაჟება.
აქ დავაკოპირებ ჩემივე პოსტს, რომელშიც კარგადაა გადმოცემული მაშინდელი ემოციური მდგომარეობა და აღწერილია დეტალები:
ციტატა
მოკლედ ვიტყვი, გადამახდევინეს 91 ლარი დღგ, 12 მოსაკრებელი, 15 ტერმინალის მომსახურება და საბაჟოს საწყობში შენახვა.
კიდევ მივეცი 50 ლარი ბროკერს, მაგრამ უმაგისოდ ნამდვილად არ გამატანდნენ. მებაჟემ გატრაკება დაიწყო ოპტიკაზე, მაგას ნებართვა უნდაო. ლოლ, მაგრამ იმ მომენტში სულ არ მეცინებოდა, ვუხსნი სანადირო მაღაზიებში თბილისში იყიდება თავისუფლად, ნებართვა კი არა სრულწლოვნობა არაა საჭირო, არაო მაგი შეგიძლია ცეცხლსასროლზეც დააყენო და ალბათ ნებართვა უნდაო, გაარკვიეთო. ბროკერმა დაურეკა ქარავანის დილერს, რომელსაც კვირაში ორჯერ შემოაქვს ბლომად ოპტიკები და დაარწყმუნეს ძლივს რო სისულელეს ამბობდა.
11-ზე მივედი დილას და ამანათები 16:45-ზე მომცეს, ამ შუალედში სულ დავრბოდი წინ და უკან ბროკერთან ერთად, კიდე აეროპორტში გადავირბინე ორჯერ დღგს გადასახდელად. მოკლედ ტვინი წაიღეს რა...


ახლა აღვწერ დაშლის და დეკონსერვაციის პროცესს. ვინც ახლა აპირებს ყიდვას ყველას ვურჩევ გააკეთოს დეკონსერვაცია იმიტომ რომ რო დავშალე კომპრესორის მილში და დგუშში იმდენი ზეთი იყო რო გუბეებით გროვდებოდა რო გაგეჩერებინა ცოტა ხანს. თან ისეთი უხარისხო ზეთია, რაღაც ყვითელი ფერის... მოკლედ აუცილებლად დაშალეთ ახალი შაშხანა, გაწმინდეთ და ახლიდან გაზეთეთ ზომიერად. თუ ამას არ იზამთ დგუშის მანჟეტა გაგიფუჭდებათ ძალიან მალე და იარაღი დაკარგავს სიმძლავრეს, ასევე თუ ძლიერი დიზელის ეფექტი იქნება თვითონ დგუშის ლითონიც იღლება და შესაცვლელი გაგიხდებათ უფრო ადრე ვიდრე რესურსი აქვს გათვლილი.

ეს არის კროსმან ფანტომის ეგრეთ წოდებული ”აფეთქების სქემა”, არ ვიცი სწორი ქართული ტერმინი, взрыв-схема ან exploded view არის რუსულად და ინგლისურად.



დაშლამდე მოამზადეთ სუფთა ქსოვილის ნაჭრები ან საფნები, ჯობია ისეთი რომელიც არ ტოვებს ნაწილაკებს, ტექნიკური საფნები რომ იყიდება ისეთი.
აუცილებლად დარწყმუნდით რომ იარაღი არ არის გადატენილი. თუ თქვენ დაიწყებთ დატენილი იარაღის დაშლას ზამბარა გაფრინდება ისეთი ძალით რომ ვერ შეიკავებთ და რომც ეცადოთ შეიძლება სერიოზულად დაშავდეთ!
მე გავფინე იატაკზე დიდი თეთრი ნაჭერი და მაგაზე ვაკეთებდი ყველაფერს. შეგიძლიათ მაგიდაზე დაშალოთ, მაგრამ ყველა ვარიანტში მოამზადეთ რამე ჭურჭელი ან ცალკე ადგილი პატარა ნაწილების დასალაგებლად, ისე რომ არაფერი არ დაიკარგოს.
დაშლის პროცესი:
1. პირველ რიგში მოხსენით ოპტიკა (თუ ის დამაგრებულია). ამისთვის საკმარისია რინგების ქვედა ვინტები მოუშვათ ცოტა და კომპრესორის მილის ზემოთ ამოფრეზერებულ მიმართველებიდან ამოიღოთ ოპტიკა რინგებიანად.
2. მოხსენით ვინტები 36 და 24 (2 ცალი) და განცალკევეთ პლასტმასის კონდახი და რკინის შიგნეულობა. ფრთხილად იყავით და არ დაკარგოთ ნაწილი 30, რომელიც ან კონდახში დარჩება ან სმ-ის (აქ და შემდგომში სასხლეტი მექანიზმი) დამჭერ ვინტზე (29). მოხსნილი ვინტები და 30 ჩაალაგეთ ჭურჭელში, კონდახი გადადეთ გვერდზე.
3. გახსენით ლულა და ოდნავ მოატრიალეთ (15-20 გრადუსით) იმისთვის რომ ვინტი 19 არ იყოს დაჭიმულ მდგომარეობაში და მოხსენით ის. ნელა ამოიღეთ ლულა კომპრესორის მილის ვილკიდან. არ დაკარგოთ პლასტიკის შაიბები 20, ჩემთან ისინი არ ჩამოვარდნენ, თავის ადგილზე არც მოძრაობდნენ და დავტოვე ლულაზე. ვინტი 19 ჩადეთ ჭურჭელში.
სხვათა შორის ბევრი ამბობს რომ ამ პლასმასის შაიბების გამო ლულის ლუფთი ჩნდება ადრე ან გვიან და ამ შაიბებს ცვლიან ლატუნის ხელნაკეთ შაიბებზე.
4. ოდნავ მოქაჩეთ წინ ლულა ისე რომ ნაწილი 22 (тяга взвода) ოდნავ გამოვიდეს კომპრესორის მილის (15) პაზიდან და შემდეგ მოატრიალეთ ლულა ისე რომ 22 დადგეს 90 გრადუსით ნაწილ 25-თან (ეს ავტომცველია). ამის შემდეგ 25 ადვილად გამოდის 22-ის უკანა მხარეს არსებულ ოთხკუთხათავიან შტიფტიდან, თვითონ 22 კი გამოდის კომპრესორის მილიდან. ლულა მოხსნილია და გადადეთ ის კონდახთან. ნაწილ 22-ზე გვერდზე არის პლასტმასის ბორბალი, ჯობია ისიც მოხსნათ და ჩადოთ ჭურჭელში.
5. მოხსენით ვინტი 29 და ჩადეთ ჭურჭელში.
6. ახლა დარჩა დასაშლელი დგუშის ჯგუფი (ნაწილები 1,2,3,4,5,6,7,15). ზამბარას (4) აკავებს მხოლოდ შტიფტი 16. თეორიულად თქვენ უნდა დაამაგროთ კომბრესორის მილი სტრუბცინაში ან რამე მსგავსში რომ გადაიტანოთ ზამბარის ძალა შტიფტიდან სხვა სხეულზე, ამის შემდეგ შტიფტს ამოიღებთ და ნელა მოუშვებთ სტრუბცინას, ზამბარა თავისი მიმმართველით გამოვა და იმის მერე რაც ბოლომდე გაიშლება ამოიღებთ სტრუბცინიდან და ეგაა.
ეს თეორიულად. პრაქტიკაში კი ბევრს არ გაგვაჩნია სათანადო მოწყობილობა და მე აღვწერ როგორ მოვაგვარე ეს საკითხი ჩვეულებრივი ინსტრუმენტით.
აიღეთ ორი ძველი წიგნი, ერთი დადეთ იატაკზე და ზედ დადეთ კომპრესორის მილი ”კაზენიკით” ქვემოთ ისე, რომ ”фальш-затыльник” (7) თავისი ბრტყელი ნაწილით ეყრდნობოდეს წიგნის ნაპირს და მრგვალი ნაწილით ჰაერში იყოს. თუ დადებთ პირდაპირ პლასტმასი სავარაუდოდ გატყდება. დაიჭირეთ კომპრესორის მილი ვერტიკალურად, ვილკაზე დადეთ მემორე წიგნი, დადექით მუხლებზე და მკერდით მიაწექით ზემოდან რაც კი წონა გაქვთ, პრაქტიკულად დაწექით ზედა წიგნზე მაგრამ ამავდროულად შეინარჩუნეთ კომპრესორის მილის ვერტიკალური მდგომარეობა. ახლა პატარა ჩაქუჩით და ხის ჯოხით ან ექვსკუთხა hex wrench-ით ამოაგდეთ შტიფტი 16. შემდეგ ნელ-ნელა შეამცირეთ ზეწოლა კომპრესორის მილზე და მიმართველი (6) გამოვა თავისი ადგილიდან. ზამბარის სრულ გაშლას ჭირდება სადღაც 5-6 სანტიმეტრი, ამის მერე შეგიძლიათ ადგეთ და ხელით ამოიღოთ მიმართველი, (5), ზამბარა და დგუშის დამამძიმებელი (3).
ბევრი ამბობს რომ ზამბარის შეკუმშვისთვის საჭიროა სადღაც 50 კგ ძალა დაატანო, მე ამდენი არ დამჭირდა, საკმაოდ ადვილად მოვხსენი და ავაწყვე. რა თქმა უნდა ზამბარას გააჩნია, გაზის ზამბარას საერთოდ ვერ შეკუმშავთ მასე, მაგრამ ჩემი ზამბარა არ არის დასუსტებული და სულ არ გამჭირვებია შეკუმშვა.
7. ახლა უნდა მოხსნათ სმ (28). კარგად დააკვირდით მის მდგომარეობას თუ გინდათ გადაუღეთ სურათი იმისთვის რომ შემდგომში ზუსტად დააბრუნოთ ისე როგორც იყო.
მოხსნისთვის მოქაჩეთ სმ უკან და ის თავისუფლად გამოვა კომპრესორის მილის შესაბამის პაზიდან. არ დაშალოთ თვითონ სმ-ი თუ არ არის ამის საჭიროება. დეკონსერვაციისთვის ეს ნამდვილად არაა სავალდებულო.
8. ახლა ამოიღეთ დგუში. ის საკმაოდ ძნელად მოძრაობს კომპრესორის მილში და ხელით ვერ ამოიღებთ, მითუმეტეს თავისით არ ამოვარდება. აიღეთ რამე ხის ჯოხი და მოქაჩეთ ის უკან კომპრესორის მილის ქვედა ნაწილში მდებარე ტექნოლოგიური ნახვრეტის გამოყენებით (თავიდან დგუშის პირი ჩანს მარტო, დაახლოებით იქ სადაც ნაწილი 22 შედის კომპრესორის მილში).

ახლა გაწმინდეთ აბსოლუტურად ყველა ნაწილი და მოაშორეთ ძველი ზეთი სუფთა ნაჭრის ან საფენის გამოყენებით. დაახვიეთ ნაჭერი ჯოხზე და კარგად გაწმინდეთ კომპრესორის მილი შიგნიდან. მე ამისთვის 3-4 ნაჭერი დამჭირდა, იმდენი ზეთი იყო. ასევე დგუშის შიდა ნაწილი.
შემდეგ ძალიან თხლად წაუსვით ზეთი მანჟეტის (1) გვერდებზე (არა ზედაპირზე), დგუშის უკანა ნაწილზე, მიმართველზე (6), შეგიძლიათ ოდან დააწვეთოთ სმ-ში, ვინტი 19-ის ღერძში და პლასტმასის შაიბებზე, ნაწილი 22-ის შარნირებში. ასევე ლიტოლით ან მსგავსი არათხევადი საშუალებით ზამბარას მოუსვით გარედან. მგონი ამისთვის ტაოტიც ივარგებს ან გრაფიტის ლუბრიკანტი ქულერებისთვის.
”თხლად წასმა” გულისხმობს ერთი წვეთი ზეთის ქაღალდზე ან სუფთა ნაჭერზე დაწვეთებას და ამ ნაჭრით ნაწილის ზედაპირზე რამოდენიმეჯერ წამოსმას. დაინახავთ რომ დამუქდა ოდნავ ზედაპირი და ეს საკმარისია.

იარაღის აწყობას ასე დეტალურად არ აღვწერ, ყველაფერი კეთდება შებრუნებული მიმდევრობით. უბრალოდ გავაკეთებ რამოდენიმე შენიშვნას.
* დგუშის ჩადებისას ფრთხილად მოექეცით მანჟეტას, ნელა შეიყვანეთ ის კომპრესორის მილში და თუ დაინახავთ რომ ის მილის ნახვრეტებიდან ამოყოფს თავს ჯოხით ოდნავ დააჭირეთ რომ არ წამოედოს რამეს და დაუზიანებელი შევიდეს ბოლომდე.
* სასხლეთ მექანიზმს აქვს დაპრუჟინებული ნაწილი (სასხლეტის მოპირისპირე მხარეს) - шептало. სმ-ის სწორ მდგომარეობაში ეს ნაწილი არ არის მილის შიგნით, ის ეყრდნობა მილს ერთი ბოლოთი და შიგნით მხოლოდ მისი ენა მოჩანს. ამ ენით ის იჭერს დგუშს დატენილ მდგომარეობაში და სასხლეტის გაწევა ზუსტად ამ ნაწილის დაშვებას და შედეგად დგუშის გათავისუფლებას იწვევს. სმ-ის ჩადებისას კომპრესორის მილში უკნიდან თითით დააჭირეთ შეპტალოს რომ სმ-თან მივიდეს და ბოლომდე გაწიეთ სმ-ი წინ სანამ არ დაჯდება თავის ადგილზე.
* ლულის მიმაგრებისას ჯერ ჩადეთ ავტომცველის (25) ჭრილი ნაწილ 22-ის უკანა მხარეს მდებარე შტიფტზე, შემდეგ ჩადეთ 22-ი კომპრესორის მილის პაზში (დგუშის ჩადებისას დააკვირდით რომ მისი და მილის ნახვრეტები ერთად იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში 22-ი ვერ ჩაჯდება თავის ადგილას). ამის მერე ჩადეთ ლულის უკანა ნაწილი კომპრესორის მილის ვილკაში (ისევ გადატეხილ მდგომარეობაში), ჩადეთ ვინტი 19 და მოუჭირეთ.

დანარჩენი სირთულეს არ წარმოადგენს. ბოლოს დარწყმუნდით რომ ჭურჭელში არავითარი პატარა ნაწილი არ დაგრჩენიათ



ეხლა დავუბრუნდეთ ჩემ ფანტომს. დეკონსერვაციის მერე გავისროლე 10-მდე ტყვია, დიზელი არის, მაგრამ მსუბუქი და ტყვიიდან ტყვიამდე კლებულობს. დიზელი ჩემ შემთხვევაში გამოიხატება ბოლში, რომელიც ლულაში რჩება გასროლის მერე. ოდნავ შევუბერავ და ლულა მთლიანად იწმინდება.
რაც შეეხება თვითონ იარაღს. წონა საკმაოდ შთამბეჭდავი აქვს, ოპტიკით კი ძალიან სერიოზულ ვიდზეა. მოშორებიდან ვერც გაარჩევ ეს საბრძოლო იარაღია თუ უბრალო პნევმატიკა. მე ვერ შევადარებ სხვა იარაღებთან რადგან ეს ჩემი პირველი შაშხანაა, მაგრამ შესრულების ხარისხი ნორმალურზე მაღალია. ლულა შიგნიდან აბსოლუტურად სწორი ჩანს, ხრახნები მთელ სიგრძეზე გამოკვეთილია. ღია სამიზნე ფიბერგლასის ოპტიკური ძაფებით მართლაც კარგად ჩანს ნებისმიერ განათებაზე, ბარაბნები კარგად არ ტრიალებს მაგრამ პლასტმასისაა და ახლო მანძილზე თავის საქმეს აკეთებს ეს სამიზნე, მეტი არ მოეთხოვება.
ოპტიკა: გარედან შესრულების ხარისხი და ლითონი მართლა კარგია. ობიექტივის და ოკულარის რეგულატორები საკმაოდ ძნელად ტრიალებს, განსაკუთრებით პარალაქსის გასწორება გამოდგება მაჯის სავარჯიშოდ, ხშირად თუ გამოიყენებთ. შეიძლება მარტო თავიდანაა მასე, არ ვიცი. თვითონ პარალაქსი სწორდება 5 იარდიდან უსასრულობამდე. სამწუხაროდ ოკულარის დიოპტრიების კომპენსაცია ”-” მიმართულებით ძალიან ცოტაა, მე -2.5 მაქვს მარჯვენა თვალზე და არ მყოფნის. ”+” მიმართულებით კი მგონი +10-საც გაასწორებს, მაგრამ რათ გინდა. არა უშავს სათვალეებითაც მშვენივრად ვუყურებ. ბადის განათება საკაიფო რამეა, მაგრამ რამდენად გამოდგება არ ვიცი ჯერ. მაგას დრო გვიჩვენებს. ბარაბნები ტრიალებს კარგი ტკაცუნით, მაგრამ ძალიან პატარა ლუფთი არის ორი მდგომარეობის შორის. თვითონ გამოსახულება ნათელია დღისითაც და ღამითაც.
ოპტიკით ძალიან კმაყოფილი ვარ, ამ ეტაპზე მეტი არ დამჭირდება.

თვითონ იარაღზე კი ვრცელ რეპორტს დავდებ იმის მერე რაც კარგად გამოვცდი და ჯგუფურობაზე შევამოწმებ. საწყალ წიგნებს სახლში დედა უტირა უკვე ამ თოფმა

პ.ს. ბოდიშს ვიხდი პოსტში გამოყენებული რუსული და ინგლისური ტერმინებისთვის, მათი ქართული ანალოგი მე არ ვიცი. ყველა ტექნიკური ლიტერატურა რაც წაკითხული მაქვს რუსული ან ინგლისური იყო. თუ თქვენ იცით ქართული ტერმინები шептало-სთვის, фальш-затыльник-ისთვის, hex wrench-ისთვის, тяга взвода-სთვის, exploded view-სთვის, ასევე სწორი ტერმინი კომპრესორის მილისთვის, დაწერეთ და მე პოსტს შევასწორებ.

ფანტომის ნახაზი აღებულია აქედან http://www.shans2003.ru/Article/Exploided_Views.html
აქ კიდევ ბევრი სხვა შაშხანის ნახაზია

მადლობა Quick-ს შესანიშნავი რეპორტისთვის

დაწერა bazuka, ხუთშაბათი, 25 მარტი 2010 00:20 ჩვენება(3098) | კომენტარი(1) სრულად წაკითხვა
კომენტარები
Leonce
20 ნოე 2010
es fantomia? zustad asetia turon 210 me mqonda arafrit ar gansxvavdeba ubralod is iseti bandzia rom magis rolas martla lagatka isrolo jobia